14.11.18

20 საუკეთესო გამონათქვამი განათლებაზე


არ არის იმის მტკიცება საჭირო, რომ განათლება ყველაზე დიდი მადლია ადამიანებისათვის. განათლების გარეშე ადამიანები უხეშები, ღარიბები და უბედურები არიან.
ნიკოლაი ჩერნიშევსკი 

აღზრდა, რამდენადაც ეს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული, არის ქვეყნად არსებული ყოველგვარი კეთილისა და ბოროტების, ბედნიერებისა და უბედურების უპირველესი წყარო.
რობერტ ოუენი 

განათლება აქარწყლებს ან ასუსტებს სიკვდილისა და დუხჭირი ბედის წინაშე ბრძოლას, რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა სათნოებისაკენ მიმავალ გზაზე და ადამიანის ქცევას ამახინჯებს.
ფრანსის ბეკონი 

განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არ არის.
დენი დიდრო 

განათლება - აი, გზა ბედნიერებისაკენ.
ბესარიონ ბელინსკი 

განათლება კარგ ადამიანს აკეთილშობილებს, ხოლო ცუდს უარესად აქცევს.
თომას ფულერი 

განათლება - ორლესული იარაღია, რომლის გამოყენება შეიძლება ადამიანთა სასარგებლოდაც და საზიანოდაც. საქმე იმაშია, თუ ვის უჭირავს იგი ხელში და რა მიმართულებით ხმარობს ის ამ იარაღს.
იაკობ გოგებაშვილი 

განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები.
პიერ ბუასტი

განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში, გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბილწეში.
ჩინური სიბრძნე 

განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდა­რსა და ცოცხალს შორის.
არისტოტელე 

განათლებულ ხალხებს უმეტესწილად კარგი გემოვნება

აქვთ, ვინაიდან განათლება ბუნებასთან აახლოებს ადამიანებს.
ჯაკომო ლეოპარდი 

გსურთ აღმოფხვრათ დანაშაულებანი? გაავრცელეთ ხალხში განათლება.
ვიქტორ ჰიუგო 

რაში მდგომარეობს ჩვენი ხალხის ბედნიერება? მხოლოდ ერთს განათლებაში, რომ ჩვენი ხალხი ზნეობით ამაღლდეს!
აკაკი წერეთელი 

როგორც პლანეტები და თანამგზავრები ეკუთვნიან მზეს, ასევე განათლება ინტელექტის ბუნებრივი საკუთრებაა. განათლებული ჩვეულებრივი ადამიანი ამბობს არა იმას, რასაც ფიქრობს, არამედ იმას, რასაც სხვები ფიქრობდნენ და აკეთებს არა იმას, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა, არამედ იმას, რაც სხვებისგან ისწავლა.
არტურ შოპენჰაუერი 

საჭიროა ჭკვიანი, განათლებული ადამიანები, იმდენად, რამდენადაც ახლოვდება კაცობრიობის ლტოლვა უკეთესი ცხოვრებისაკენ, ამიტომ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება მანამ, სანამ ისინი უმრავლესობას არ შეადგენენ.
ანტონ ჩეხოვი 

სკოლა ორპირი ხანჯალია; აუკეთესებს და ასპეტაკებს ხალხს, თუ იგი გონივრულად არის მოწყობილი; აუგუნურებს და აველურებს, თუ უკუღმართობის გზაზედ არის დაყენებული.
იაკობ გოგებაშვილი 

ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას.
ილია ჭავჭავაძე 

ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული.
ჰენრი ტომას ბოკლი 

ცრუ სიბრძნე ბჟუტავს და ქრება გონების უკვდავი მზის წინაშე. გაუმარჯოს მზეს და გაქრეს წყვდიადი!
ალექსანდრ პუშკინი 

წარმოსახვა ისეთნაირად აზვიადებს და ისე წარმოუდგენელ ფასსა სდებს ყოველგვარ წვრილმანს, რომ სულში სხვა რამისთვის აღარ გვიტოვებს ადგილს. მეორე მხრივ, თავისი ურცხვი თავხედობით უცნაურად აკნინებს და თავის ტოლფარდად წარმოგვიჩენს ყოველივე დიადს, როგორც, მაგალითად, ღმერთს.
ბლეზ პასკალი 



მასწავლებლის დღიური
თამთა დოლიძე, 16 სექტემბერი, 2015 წელი

მე დაწყებითი სკოლის მასწავლებელი ვარ!
ბევრს ჰგონია, ყველაზე ადვილი დაწყებითი კლასების მასწავლებლობაა. განა რა არის იმაში ძნელი, ანბანი და წერაკითხვა ასწავლო?! ჩემი აზრით კი სკოლის პირველ მერცხლებთან მუშაობა საძირკვლის გაჭრას ჰგავს. თუ საფუძველი სათანადოდ არ გაამაგრე, სახლს სუსტი ქარიც კი ჩამოანგრევს.
დავიწყებ თავიდან
პირველკლასელთა მშობლები ყველაზე რთული საზოგადოებაა მათ შორის, ვისაც შევხვედრივარ. ეჩქარებათ შედეგის დანახვა, ერთი სული აქვთ, სანამ მათი შვილი სქელტანიან წიგნებს სხაპასხუპით წაიკითხავს და მაღაზიაში ხურდას ელვის სისწრაფით დაითვლის. შვილის წარუმატებლობას ხშირად მასწავლებელს აბრალებენ, გამუდმებით ცდილობენ პასუხისმგებლობის ჩამოცილებას და კლასის დამრიგებლისთვის გადაბარებას, განსაკუთრებით კერძო სკოლებშიმიაჩნიათ, რომ რაკი ბავშვი ანაზღაურებად სასწავლო დაწესებულებას მიაბარეს, მათ არც თავიანთი შვილების პირადი ნივთების მოწესრიგება ევალებათ და არც საშინაო დავალების შესრულების პროცესში ჩართვა. გაკვირვებული უყურებენ მასწავლებელს, რომელიც მათ სახელმძღვანელოებისთვის დამცავი ყდის შემოკვრას ან დამატებითი სასწავლო ნივთების შეძენას სთხოვს (საჭირო ნივთებს სკოლა არ დაგვახვედრებს? დამრიგებელი ჩანთას არ აწესრიგებს?). გამოდის, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამ ჯერ მშობელი უნდა ,,მოამზადოსმოსწავლეობისთვის, აუხსნას ორმხრივი ვალდებულებები და წინასწარ განსაზღვროს სკოლის/მასწავლებლის ფუნქციებში ჩარევის დოზა.
მშობლები ხშირად აპროტესტებენ სკოლის შინაგანაწესის სხვადასხვა პუნქტს: ბავშვის საგაკვეთილო პროცესიდან საპატიო მიზეზის გარეშე გაყვანას, სკოლის მენიუს, გარემოსა და სანიტარიულ ნორმებს, მერხსა და დაფას შორის მანძილს, ყველაზე ხშირად კისასკოლო ფორმას, რომელშიც უმეტესად თეთრი მაისური ფიგურირებს. გამოგიტყდებით, როგორც მშობელს, მეც ხშირად გამიპროტესტებია ეს საკითხი, რადგან ძნელია, თეთრი ტანსაცმლისა და ბავშვის შეუთავსებლობას დიდხანს გაუძლო. არადა, სასკოლო ფორმა ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს, რომ ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ”. ასეთი მესიჯები მოსწავლეს საგრძნობლად უადვილებს ადაპტირებას. გარდა ამისა, ვის არ ახსოვს, როგორი ამრეზით შესცქეროდნენ შეძლებული ოჯახების გამოპრანჭული შვილები ერთი ზომით დიდ ფეხსაცმელსა და გაცრეცილ ქურთუკში ჩამალულ თანატოლებს?! ასეა თუ ისე, სასკოლო ფორმა დღემდე აქტუალურია მთელ მსოფლიოში.
ბევრს ავიწყდება, რომ სკოლა არა მარტო საგნობრივი ცოდნით, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებითაც ამარაგებს ადამიანს. დედისა და მამისყველაზე ნიჭიერინებიერები პირველად სკოლაში ხვდებიან, რომ ყველა გზა მათკენ არ მიდის და ძალიანაც უჭირთ ამასთან შეგუება. სკოლა კი მათ ჯანსაღი კონკურენციისა და თანამშრომლობის უნარების გამომუშავებაში უნდა დაეხმაროს.
მარტო ბავშვებს კი არა, ხშირად მშობლებსაც ეჩვენებათ, რომ მათ შვილებს უსამართლოდ ექცევიან (ნიშანს/ყურადღებას აკლებენ) და ნამდვილუფროს ძმებადგვევლინებიან, იწუნებენ ყველაფერს: სასწავლო მასალას, სწავლების მეთოდს, მასწავლებლის ფიზიკურ თუ გონებრივ შესაძლებლობებსსწორედ ასეთი მშობლები ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რომელთა განეიტრალებაც უმეტესად მასწავლებლებს უწევთ.
მოუსმინე, უთანაგრძნე და განმუხტე!
მასწავლებლის მთავარი იარაღი აქტიური მოსმენაა (თომას გორდონი აქტიური მოსმენის მეთოდსკარის გაღებასუწოდებს). მას უნდა შეეძლოს დაშიფრული სათქმელის ამოცნობა, თავად კი ყოველთვის ცხადად და გარკვევით ილაპარაკოს, რადგან არ არსებობს გარანტია, რომ მის მიერ დაშიფრულ ინფორმაციას სწორადთარგმნიან”.
მაგალითად, თუ მშობელი გეუბნებათ, რომ მის შვილს ჯერ კიდევ უჭირს კითხვა, ამით მიგანიშნებთ, რომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბავშვს ან თქვენს პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს. ასეთ დროს თქვენი ინფორმაცია მოსწავლის განსხვავებული სასწავლო უნარების შესახებ კონტრარგუმენტად არ გამოდგება, რადგან მშობლების უმრავლესობა შვილის წარუმატებლობას სკოლას აბრალებს.
პირადი გამოცდილების საფუძველზე გეტყვით: თუ მასწავლებლობას აპირებთ, კამათის ხელოვნებასაც უნდა დაეუფლოთ. ყველაზე დაძაბულ სიტუაციაშიც კი სიმშვიდე მთავარ იარაღად გამოიყენეთ. რაც უნდა აბსურდული მოგეჩვენოთ მშობლის პრეტენზია, შეეცადეთ, ბოლომდე მოუსმინოთდაე, უარყოფითი ენერგიისგან დაიცალოს. პასუხი დაიწყეთ ჯადოსნური სიტყვებით: „მესმის თქვენი” (თანაგრძნობა), – მერე აუცილებლად გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება საკითხის შესახებ (დაასაბუთეთ ფაქტებით) და ბოლოს ისევ ჯადოსნური სიტყვები მოიშველიეთ: „აუცილებლად გავითვალისწინებთ/განვიხილავთ თქვენს შენიშვნას” (განმუხტვა). მრავლობით რიცხვში ნათქვამი წინადადებები მშობელს ტაქტიანად შეახსენებს, რომ თქვენ სკოლის ერთი პატარა ნაწილი ხართ და მის შვილზე ერთი ადამიანი კი არა, პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, როგორი განწყობით ამზადებთ სათქმელს. საუბრისას აუცილებლად გაგცემთ სიტუაციისადმი თქვენი ნამდვილი დამოკიდებულება, რომელიც მზერიდან, ჟესტებიდან, დგომის მანერიდან დაუკითხავად ჟონავს და კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტის უფსკრულს. ნათქვამია, რომთუ ვერ ცვლი გარემოს, უნდა შეიცვალო დამოკიდებულება მის მიმართ”. ურთიერთობის წარმართვისას განწყობას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საკუთარ თავზე მუშაობა კი არა მარტო სკოლაში, არამედ ყოველგვარ გარემოში ადამიანის პიროვნული ზრდის უმთავრესი კომპონენტია.
მასწავლებელი მოსწავლეები
მასწავლებლის მთავარ აუდიტორიას ბავშვები წარმოადგენენ. მათი ყურადღების მობილიზება გაუხედნავი ცხენის მორჯულებასავით ძნელია. ბევრს ჰგონია, რომ მოსწავლეთა მუდმივი კონტროლის ფონზე კლასი მართული ხდება. სინამდვილეში საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში აღვირის მოჭერამოშვება ერთმანეთს ისე უნდა ენაცვლებოდეს, როგორც ამას გაწაფული მხედარი აკეთებს. გამიგონია, ცხენზე ჯდომისას მის ნაწილად უნდა იქცე, თუ გსურს, შენგან კარგი მოჯირითე დადგესო. სკოლაშიც ასეა, მასწავლებელი კლასის გულისცემას უნდა გრძნობდესისინი ხომ ერთად უნდა მივიდნენ ფინიშამდე.
მეორე მხრივ, კლასის მართვა არც კი დაგჭირდება, თუ გაკვეთილის დაწყების წინ სწორად განსაზღვრავ მოტივაციას. მასწავლებელი, რომელიც სათანადოდ აფასებს მოსწავლეთა მოტივირების მნიშვნელობას, გაკვეთილის ბოლოს ყოველთვის სასურველ შედეგს იღებს.
ჩაგიტარებიათ გაკვეთილი მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით? გიკითხავთ ბავშვებისთვის, რისი შესწავლა სურთ თავად? გიფიქრიათ, რას ნიშნავს ბავშვისთვისსწავლის პროცესიან სად გადის ზღვარი სავალდებულოსა და საინტერესოს შორის? ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, რადგან სწავლა თითოეული ბავშვისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. საგაკვეთილო პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება, თუ მოსწავლე მასში თავის წვლილს შეიტანს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ მასწავლებლის როლის მორგება, ამ დროს ერთდროულად სწავლობენ და ასწავლიან. მოზარდები ხომ საუკეთესო მაძიებლები არიანთუ სკოლა მუდმივად დაუკმაყოფილებს ძიების წყურვილს, სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა სტაბილური იქნება.
ზემოაღნიშნული საკითხები განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სწავლების დაწყებით საფეხურზე, რადგან თვითგამოხატვა და პროცესის თანამონაწილეობა პატარებს და მათ მშობლებს სკოლადმი ნდობას უნერგავს და თანამშრომლობისთვის განაწყობს. სამწუხაროდ, სკოლის ძირითადი რესურსი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე იხარჯება, არადა დაწყებით კლასებში თითოეული ინდივიდის შესწავლას, მისი განსხვავებული უნარებისა და ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მე დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ვარ და წელს ისევ თავიდან ვიწყებ ყოველი ახალი კარის გასაღების მოსაპოვებლად ბრძოლას. წარმატება მისურვეთ!